„დღეს საქართველოს პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი დღეა. პარლამენტის სხდომას ესწრება საპარლამენტო ოპოზიციის დამატებითი წარმომადგენლობა, იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროკავშირის მხარდაჭერით დადებულ პოლიტიკურ შეთანხმებას“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმდჯომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კობახიძე ამბობს, პოლიტიკაში პოლარიზაციისა და რადიკალიზმის შემცირება ჯერ კიდევ მიუღწეველია.
„ამ ფონზე, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის სამწუხარო მოვლენა, რომ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩამოსვლის მიუხედავად, მოლაპარაკებებში ჩართულმა ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ – ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, პატრიოტთა ალიანსმა და ლეიბორისტულმა პარტიამ მაინც არ მოაწერა ხელი 19 აპრილის შეთანხმებას. მეტიც, ისინი დღესაც არ შემოდიან პარლამენტში, ინარჩუნებენ კარვებს პარლამენტის შენობის წინ, გამოდიან შეთანხმების ცალკეული პუნქტების წინააღმდეგ, აგრძელებენ აგრესიულ რიტორიკას „ქართული ოცნების“ და ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ და დგამენ სხვა ნაბიჯებს შეთანხმების შინაარსისა და მისი სულისკვეთების საპირისპიროდ.
ამით კიდევ ერთხელ მკაფიო ზღვარი ივლება პროდასავლურ და ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალებს შორის. მიუხედავად ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ გადადგმული ამ დესტრუქციული ნაბიჯებისა, „ქართული ოცნება“ თავისი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს შეთანხმების სათანადოდ აღსრულებას.
ყველას მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა არ შეიძლება იყოს მხოლოდ მმართველი პარტიის საზრუნავი და სუბიექტური ინტერესი. ამით უნდა იყოს დაინტერესებული ყველა პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, პოლარიზაციისა და რადიკალიზმის შემცირების საქმეში თითოეულ პარტიას და თითოეულ პარლამენტის წევრს თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.











