ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ აგებს არჩევნებს და ამიტომ მთელი დღის განმავლობაში ცდილობს, ხელი შეუშალოს გლდანში არჩევნების პროცესს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა.
„110-ვე უბანზე ე.წ. დამკვირვებლები, რომლებზეც ჩვენ წინა დღეებში ვსაუბრობდით, ცდილობენ, მობილური ტელეფონით გადაუღონ ამომრჩევლებს ფოტოები, რაც კანონის უხეში დარღვევაა. გარდა ამისა, ტელეფონების უკანა მხარეს მათ ნიკა მელიას სტიკერები აქვთ მიკრული, რაც ასევე საარჩევნო უბანზე აგიტაციას ნიშნავს და აბსოლუტურად მიუღებელია. ამის შესახებ ინფორმირებულები არიან საუბნო კომისიის წევრები და რამდენიმე უბანზე ეს ე.წ. დამკვირვებლები გააფრთხილეს ან უბნიდან გააძევეს. ასევე ფიქსირდება ფაქტები, როდესაც ნიკა მელიას შტაბის წევრები დიდი რაოდენობით იკრიბებიან საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე და ცდილობენ, ამომრჩევლებს შეუშალონ ხელი. ამაზე აუცილებლად გვექნება კანონით გათვალისწინებული რეაგირება. ვაფრთხილებ ნიკა მელიას და მისი შტაბის ყველა წევრს – ვერც ერთ უბანზე სიტუაციის არევას ვერ შეძლებთ. გლდანის ამომრჩეველი გააკეთებს თავის არჩევანს და შედეგებს ძალიან მალე ვნახავთ. ჩვენი გუნდი და პირადად მე გავიმარჯვებ და ამაში ვერავინ შეგვიშლის ხელს“, – განაცხადა კობიაშვილმა.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











