აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს არ უნდა გასცდეს.
„კონფლიქტი არ უნდა გასცდეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებს. სომხური მხარე წარუმატებლად ცდილობს ჩართოს ამ დაპირისპირებაში კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაცია, ევროპული ქვეყნები და ცდილობს, ამ კონფლიქტის ინტერნაციონალიზებას. სომხეთის ტერიტორიიდან საარტილერიო თავდასხმებს მიუხედავად, ჩვენ სომხეთის ტერიტორიაზე არავითარ დარტყმებს არ ვახორციელებთ, არ გადავდივართ სომხეთის ტერიტორიაზე, თუმცა ამისათვის ყველა შესაძლებლობა არსებობს.
თუ მშვიდობაზეა საუბარი, პირველ რიგში, მე ამას პოლიტიკურ დარეგულირებად ვხედავ, რომელიც იქნებოდა ყოვლისმომცველი, ხანგრძლივი, მარადიული, წამყვანი ქვეყნების სერიოზული გარანტიის პირობებში, ქვეყნების, რომლებიც მისაღები იქნება, როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე სომხეთისთვის. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ქვეყნების შემადგენლობა, შესაძლოა იყოს განსხვავებული მინსკის ჯგუფის შემადგენლობისგან“,- აცხადებს ალიევი.











