„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კახეთში, მხოლოდ სამ სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს“,- ამის შესახებ, „პრაიმტაიმნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განუცხადა.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, აცრისთვის სამ მუნიციპალიტეტში თითო ჰოსპიტალი მუშაობს.
„კახეთში ჯერჯერობით, აცრები ტარდება თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალში და ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში. აქტივობა საგრძნობლად შემცირებულია, ახალციხეში მომხდარი ფაქტის შემდეგ, სამედიცინო პერსონალი თავს იკავებს , თუმცა 25 მარტიდან იხსნება ახალი ფანჯარა, რაც იმას ნიშნავს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა, 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობასაც შეუძლია“,- განაცხადა ხიზანიშვილმა.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში „ასტრაზენეკას“ წარმოების ვაქცინით, 200-მდე სამედიცინო პერსონალია აცრილი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებას ჯერჯერობით დაზუსტებული მონაცემები არ აქვს, 65 წლის ასაკს გადაცილებული რამდენი მოქალაქე ჩაერთვება ვაქცინაციაში კახეთის რეგიონში.
ვაქცინა საქართველოში, მარტის დასაწყისში შემოვიდა და 15 მარტიდან სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დაიწყო.
დღეს, 24 მარტს საქართველოში „ფაიზერის“ წარმოების ვაქცინას შემოიტანენ. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ვაქცინა სამედიცინო პერსონალის და აცრის მსურველი რამდენიმე ჯგუფისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











