კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრებს კორონავირუსი აქვთ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ინფიცირებულები სხვადასხვა ბაზრობაზე მუშაობდნენ.
„გუშინ გარდაცვლილ პაციენტს ჰქონდა საკმაოდ მძიმე თირკმელების ქრონიკული დაავადება, ის იმყოფებოდა დიალიზზე და სწრაფად განვითარდა ინფექცია. ასევე ინფიცირებულები არიან მისი ოჯახის წევრები, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ისინი მუშაობდნენ და ვაჭრობდნენ რამდენიმე ბაზრობაზე, ამიტომაც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო ბაზრობებთან დაკავშირებით ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება. კერძოდ, აუცილებელია სკრინინგი, იქ სადაც სიმპტომების გამოვლენა მოხდება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოში კორონავირუსისგან მე-16 პაციენტი გარდაიცვალა.











