შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ტესტირება რესტორნების თანამშრომლებისთვისაც სავალდებულო იქნება.
ფერაძის განმარტებით, არსებობს მოლოდინი, რომ რეკომენდაციები ზედმიწევნით შესრულდება.
„როგორც მოგეხსენებათ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეტაპობრივად დაიწყო ეკონომიკის გახსნის პროცესი. კვების ობიექტების შემთხვევაში, პირველ ეტაპზე იხსნება გარე სივრცეები, სადაც ეპიდემიოლოგიურად, სუფთა ჰაერზე შედარებით ნაკლებია რისკები. პროტოკოლით უკვე გათვალისწინებულია ის მოთხოვნები, რომელთა დაცვაც ამ ობიექტებს მოუწევთ. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, ვინც შეიმუშავა მსგავსი ტიპის რეკომენდაციები – ეს არის დისტანციის დაცვა, ჰოგიენური მოთხოვნები, მოთხოვნები უშუალოდ მაგიდის მიმართ, იქნება ეს გადასაფარებელი, მენიუ თუ ა.შ. ბიზნესის აქტიური ჩართულობით, დეტალები არის ძალიან ზუსტად გაწერილი. ამიტომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ პროტოკოლის დაცვით და იმ დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენ გვქონდა, მოხდება რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება. ერთადერთი, რასაც დავაზუსტებთ, არის მომხმარებელთა რაოდენობა, რამდენი ადამიანის დაშვება იქნება შესაძლებელი ღია სივრცეში, სხვა ყველაფერი იგივე დარჩება“,- განაცხადა ფერაძემ.
ცნობისთვის, 15 თებერვლიდან დედაქალაქში რესტორნების გახსნა ღია სივრცეებში შესაძლებელი იქნება.











