ჩატარებული კვლევის მიხედვით, კორონავირუსის ბრიტანული შტამი 30%-100%-ით უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე ვირუსის არსებული ვარიანტები.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერებმა კვლევის განმავლობაში ერთმანეთს ბრიტანული შტამითა და კოვიდის არსებული ვარიანტებით ინფიცირებულ ადამიანებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეადარეს.
მეცნიერების თქმით, კოვიდის ბრიტანული შტამის შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი „მნიშვნელოვნად მაღალია“.
შეგახსენებთ, რომ ახალი ვარიანტი პირველად დიდ ბრიტანეთში 2020 წლის სექტემბრის თვეში აღმოაჩინეს. ის B.1.1.7 შტამის სახელითაა ცნობილი.
კოვიდის ბრიტანული შტამის შემთხვევები 100-ზე მეტ ქვეყანაშია დადასტურებული.
ცნობისთვის, B.1.1.7-ს გენეტიკურ კოდში 23 მუტაცია აქვს. მან საკმაოდ ბევრი ცვლილება განიცადა და სწორედ ამ ყველაფერმა შეუწყო ხელი იმას, რომ ვირუსის არსებულ ვარიანტებთან შედარებით ის 40%-70%-ით სწრაფად ვრცელდება.











