პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში პარლამენტი მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას უნდა მიჰყვეს.
„პარლამენტი იმ პროცედურებს, დადგენილ წესს და იმ ვალდებულებების შესრულებას უნდა მიჰყვეს, რომელიც მას აკისრია. ნებისმიერი მსგავსი წესის ცვლილება ან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკური პარტიების მიერ უნდა მოხდეს. ამიტომ, პარლამენტი გააგრძელებს პროცესს, ვიდრე სხვაგვარად არ იქნება გადაწყვეტილი ისევ პარლამენტის წევრების მიერ. მოსამართლეების შერჩევის პროცესი დაწყებულია, საკითხი ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა, ვნახოთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე წარიმართება პროცესი“, – განაცხადა კუჭავამ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის გადაწყვეტილებაზე, არ ჩაერთოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში.
„სახალხო დამცველს თავისი ვალდებულებები გააჩნია, კანონით გაწერილი. თუ მისი ვალდებულებაა, რომ პროცესში უნდა იყოს ჩართული, ვალდებულია, ჩაერთოს მიუხედავად იმისა, პოლიტიკურად რას და როგორ თვლის. მისი ვალდებულება თუ არ არის, მისი უფლებაა და თავად გადაწყვეტს, უნდა თუ არა პროცესში ჩაერთოს“, – აღნიშნა კუჭავამ











