ლანჩხუთის მერიის თანამშრომლები, 48 საათიანი ტესტირების რეჟიმზე გადავიდნენ და აგრძელებენ ოფისებში. მუშაობას გუშინ საღამოს ლანჩხუთის მერს ალექსანდრე სარიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. დღეს დილიდან დაიწყო კონტაქტების მოძიება. გამომდინარე იქიდან რომ მერი წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ შტაბს ხელმძღვანელობს, მას კონტაქტების ფართო წრე აქვს, ხოლო შტაბში ძირითადად 15 თანამშრომელი მუშაობს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ლანჩხუთის საზოგადოების ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
„ბატონი ალექსანდრე ხელმძღვანელობს წინასაარჩევნო შტაბს, სადაც 15 თანამშრომელი მუშაობს, გამომდინარე იქიდან რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, შეუძლებელია მათი საქმიანობის შეჩერება, ან ონლაინ რეჟიმში გაგრძელება. ამიტომ ისინი გადავიდნენ 48 საათიანი ტესტირების რეჟიმზე და შტაბში აგრძელებენ მუშაობას უსაფრთხოების წესების სრული დაცვით.
რაც შეეხება მერის თანამშრომლებს, მისი სამი მოადგილიდან, ერთი გადასულია თვითიზოლაციაში, ხოლო დანარჩენი ორი კი 48 საათიანი ტესტირების რეჟიმით მუშაობს. დამუშავებულია სანიტარულად მერიის შენობა უკვე და მერიის სხვა თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. მოკვლეულია მერის ახლო გარემოცვის კონტაქტები, 20-მდე ადამიანი, მისი ოჯახის წევრები და თანამშრომლები. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – გვითხრა მენაღარიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ ლანჩხუთის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კი გურიაში კორონავირუსის 31 შემთხვევაა დადასტურებული.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











