მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა მხარდამჭერები რესტორანში დაპატიჟა.
მოგვიანებით კობიაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მომხდარი უარყო.
კობიაშვილმა ბრალდებას სასაცილო უწოდა და მედიასაშუალებები ცილისწამებაში დაადანაშაულა.
“განსაკუთრებით ბოლო დღეებში, რამდენიმე ტელეარხის საშუალებით, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი და დაუსაბუთებელი ინფორმაცია ჩემსა და ჩემი საქმიანობის შესახებ.
ჩემთვის, მიუღებელია ის ძალიან სუსტი, შეთითხნილი და ზოგ შემთხვევაში სასაცილო ბრალდებები, რომელიც ამ დღეების განმავლობაში მესმის ტელეარხებიდან.
აღნიშნული ერთადერთ რამეს, მოსახლეობის სიცრუეში შეყვანას ემსახურება.
წარმოუდგენელია ასეთი დოზით დეზინფორმაციის გავრცელება!
ახლა ვუყურე ტელეკომპანია მთავარის ეთერში გასულ სიუჟეტს ჩემ შესახებ, თითქოს რესტორანში სუფრებს ვუშლი ქართული ოცნების მხარდამჭერებს.
ეს არის მორიგი ტყუილი, ცილისწამება და არცერთი სიტყვა არ შეესაბამება სიმართლეს.
სამარცხვინოა!”, – წერს კობიაშვილი.
შეგახსენებთ, ლევან კობიაშვილი “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატია გლდანის ოლქში.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურები 21 ნოემბერს გაიმართება.











