პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის გაცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებისას არ არის აუცილებელი, რომ ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია მოხდეს. მისივე თქმით, საზოგადოებამ ერთი დევიზი უნდა შემოიღოს – „დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც მკურნალობა სჭირდება“.
„ძალიან კარგად ვიცით, რა გააკეთეს სახელმწიფოებმა კოვიდთან ბრძოლაში, მაგრამ სამწუხაროდ, სულ ვამბობდით, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდებოდა. საბედნიეროდ, კოვიდთან მიმართებით ინფიცირების გადადება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ჰოსპიტალიზაცია გვჭირდება. ამიტომ ერთი სლოგანი უნდა შემოვიღოთ – „დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც მკურნალობა სჭირდება“. დანარჩენი ადამიანებისთვის, ვისაც თუნდაც მცირე სიმპტომით აქვს ვირუსი გამოხატული, ჩვენმა სახელმწიფომ და ჯანდაცვის სისტემამ შექმნა შინ მკურნალობის პროტოკოლი, რის საფუძველზე ყველა მათგანი მიიღებს იმ სამკურნალო საშუალებებით მოვლა-მზრუნველობას, რაც მოწოდებულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში“,-განაცხადა რატიანმა.
მისი თქმით, ხელისუფლება კორონავირუსთან ბრძოლისთვის ყველაფერს აკეთებს, COVID 19-თან ბრძოლის მთავარი მტერი კი პანიკაა. ლევან რატიანი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ პანიკა და შიში მოიხსნას.
„ქვეყანას და ჩვენს ჯანდაცვის სისტემას პულსი უდევს იმ თანამედროვე მედიცინაზე, რასაც კორონავირუსთან ბრძოლა ჰქვია. ეპიდემია და პანდემია არ დაწყებულა დღეს, არც დღეს დამთავრდება, ვინაიდან, რაც სამყარო გაჩნდა სულ არსებობდა მაკრო და მიკრო ორგანიზმებს შორის ბრძოლა, ამ ორგანიზმებს შორის ბრძოლაში ყოველთვის ადამიანი იმარჯვებდა. პანდემიასთან ბრძოლაში პირველი მტერი არის პანიკა, ამიტომ თითოეულმა ჩვენთაგანმა პანიკა და შიში უნდა მოვხსნათ“, – აღნიშნა რატიანმა.











