ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს, – ამის შესახებ ოჯახის ადვოკატი, გიორგი ანთაძე აცხადებს.
„ლევან თოფაძემ დაზარალებულის სტატუსი გუშინ გვიან ღამით მიიღო, რასაც ჩვენ ვითხოვდით და შესაბამისი დადგენილება პროკურატურამ გამოსცა. ვინაიდან ლევან თოფაძე სცნეს დაზარალებულად, შესაბამისად ჩვენ უფლება გვაქვს გავეცნოთ საქმის მასალებს.
მე დღეს ჩავაბარე შესაბამისი განცხადება საქმის მასალების გაცნობაზე. პირველივე შესაძლებლობისთანავე, დაუყოვნებლივ გავეცნობი საქმის მასალებს, ვნახავ რა მტკიცებულებებია ჩადებული. რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლას, გიდასტურებთ, რომ მკვლელობის მცდელობისთვის აქვს ბუსა ჟვანიას ბრალი წაყენებული. რაც შეეხება დაზიანებებს, საქმეში მე როგორც ვიცი ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ დევს ამიტომ უპრიანი იქნება დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, დაპატიმრებასთან დაკავშირებით კი ოჯახს პოზიცია არ აქვს”, – განაცხადა გიორგი ანთაძემ.
შეგახსენებთ, 2 აგვისტოს თბილისში, საკუთარ სახლში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბუსა ჟვანიამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფურიას, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.











