ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციები საზღვარგარეთიდან იმართება.
მისი თქმით, მომიტინგეებს დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან და ჩეხეთიდან მართავენ.
„ბოდიში, მაგრამ ჩვენებს ცხვრებივით მართავენ“, – განაცხადა ლუკაშენკომ სერგეი ლებედევთან შეხვედრაზე.
მინსკში მასობრივი აქციები, მას შემდეგ დაიწყო, რაც საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გახდა ცნობილი. სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა მომიტინგეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა, რომელიც მასობრივ არეულობებს და პოლიციელების მიმართ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ასევე, ბელარუსის ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 80,23%-ით იმარჯვებს.
ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასობრივ აქციებზე ერთი მომიტინგე დაიღუპა. მედიის ცნობით, მას სპეცტექნიკამ გადაუარა.











