„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ თამარს იმ გამძლეობისთვის და თმენისთვის, რაც მან ბოლო თვეების განმავლობაში გამოავლინა“ – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჟვანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია ელოდება კომისიის ახალ წევრებსა და თავმჯდომარეს და მზადააა გააგრძელოს მუშაობა.
„საარჩევნო ადმინისტრაცია ქალბატონ თამარს უხდის მადლობას იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რაც მან გასწია ამ 8 წლის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში იყო არაერთი სირთულე და გამოწვევა, მაგრამ ჩვენ, ყველამ ერთად შევძელით და გადავლახეთ პრობლემები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ თამარს იმ გამძლეობისთვის და თმენისთვის, რაც მან ბოლო თვეების განმავლობაში გამოავლინა.
როგორც უკვე იცით, ის უბრუნდება საერთაშორისო პოზიციას და აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციაში. რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, ეს არის ძალიან მძლავრი, ძლიერი და გამართული ინსტიტუცია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ წარსულშიც გვქონდა მსგავსი ტიპის გამოწვევა, თუმცა როგორც ადრე, ახლაც მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა. განახლებული საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად აირჩევა ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე. ჩვენ ველოდებით მას, ველოდებით კომისიის ახალ წევრებს, რომ შემოდგომაზე შევძლოთ და ჩავატაროთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები საქართველოში“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.











