მესამე დღეა თოვს აჭარაში. აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 60-90 სანტიმეტრს აღწევს, დაბლობში-კი 30-50 სანტიმეტრია. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხუთ მუნიციპალიტეტში ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს. ამ დროისთვის ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება. მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის შესაძლებელი.
რამდენიმე მუნიციპალიტეტში ჩაკეტილია შიდა სასოფლო გზები.
დიდთოვლიბის გამო ხულოში რამდენიმე სოფელი მოწყვეტილია ცენტრალურ მაგისტრალს. გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებითაა შესაძლებელი. როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ამ დროისთვის ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება.
„მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის შესაძლებელი. ელექტრო ენერგია, მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს სრული დატვირთვით მიეწოდება”- აცხადებენ უწყებაში.
შუახევში ამ დროისთვის ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი და სოფლის გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება.
„დილიდან მუშაობს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 19 ერთეული და მუნიციპალიტეტის მერიის ერთი ერთეული ტექნიკა. მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის შესაძლებელი. ელექტრო ენერგიის შეფერხების გამო, რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. მოქმედებს ცხელი ხაზი 08 000 000 08″- აცხადებენ შუახევის მერიაში.
ქედაშიც ინტენსიურად თოვს. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 60-90 სანტიმეტრს აღწევს, დაბლობში-კი 30-50 სანტიმეტრია. ქედაშიც მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა შესაძლებელი გადაადგილება. დილიდან იწმინდება ცენტრალური მაგისტრალი.
„აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს. ამ დროისთვის 11 ერთეული ტექნიკით, ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება. მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის შესაძლებელი.
დაბის ქუჩების გაწმენდით სამუშაოებს კი, ქედის კომუნალურსერვისის ორი ერთეული ტექნიკა ახორციელებს. მუნიციპალიტეტში მობილიზებულია ყველა უწყების მობილური ჯგუფები”- აცხადებენ ქედის მერიაში.
დიდთოვლობამ გარკვეული პრობლემები შექმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტშიც. ამ ეტაპზე სამი სოფელი, დაგვა, კვირიკე და ზენითი ჩაკეტილია. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდაზე.
ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელი გზა გახსნილია. რაც შეეხება ბათუმს, ქალაქის ქუჩები თოვლის საფარისგან იწმინდება. სპეცტექნიკის საშუალებით ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხებისა და ცხაურების გაწმენდა ხორციელდება. ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს ხიდებზე, ესტაკადასა და გზებზე. პერიოდულად მცენარეების თოვლის საფარისგან გათავისუფლება ხორციელდება.
სინოპტიკოსების ცნობით, დღეს, დღის ბილოს აჭარაში გამოიდარებს და მომდევნო სამი დღის განმავლობაში მზიანი ამინდი იქნება.



ავტორი: ნაირა ქობულაძე











