მოკლული 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს, შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამა თამაზ ხომასურიძე სოციალური ქსელის პირად შეტყობინებაში ემუქრებოდა და მას უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა.
როგორც ნიკოლაძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ხომასურიძეს სამართალდამცავი უწყება დროს აძლევდა, რომ გონს მოგებულიყო.
„ჩვენ ვაცადეთ პატივცემულს ორი თვე, რომ ცოტა გონს მოგებულიყო, ასევე, მუქარის ტონი, აგრესიული რიტორიკა შეეცვალა. მას იმაზე უნდა ეზრუნა, რომ თავისი დამნაშავე შვილი რამენაირად გონზე მოეყვანა და ხელი შეეწყო გამოძიებისთვის. საბოლოო ჯამში, მან იფიქრა, დაუსჯელი იქნებოდა და მას არ შეეხებოდა კანონის სიმკაცრე.
ფაქტია, რომ უკვე ამ კვირიდან ჩემი სოციალური ქსელის პირად შეტყობინებაში ხომასურიძე ხან თეთრი ისრის სახელწოდებით, ხან პირადი სახელწოდებით, შემოდიოდა და შეურაცხმყოფელ, მუქარის შემცველ წერილებს აგზავნიდა. უკვე ცხადი გახდა, რომ ამ კაცის გარეთ ყოფნა ხიფათის შემცველი იყო
შინაარსიდან გამომდინარე, ნამდვილად ის მწერდა, როგორც ლაპარაკობს, ისე მეტყველებს. ჯერ მეგობრობა გამომიგზავნა, მეგობრობაზე რომ არ დავთანხმდი, ხან იგინებოდა, ხან იმუქრებოდა. ჯერ თეთრი ისრით იყო დარეგისტრირებული, მერე გადაირქვა სახელი. მონაწერში უკანასკნელი ენით არის გინებები“,-განაცხადა ნიკოლაძემ.
ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამა მუქარის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე დღეს დააკავა. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.











