ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ ფასადად ყოფნა თუ გადაწყვიტა, მისი არჩევანია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„ის, რაც დღეს ხდება პარლამენტში, რომ ცალკეული ინიციატივით, კონკრეტულ პარტია ხვდება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, არ წაადგება საერთო ოპოზიციურ შეთანხმებას. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით აქამდეც. ადრე, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რომ გამოჩენილიყო ცალკეული ინიციატივები, ვერ მივიღებდით იმ შედეგს, რაც მივიღეთ.
თუ ალეკო ელისაშვილმა გადაწყვიტა, „ქართული ოცნების“ ფასადად ყოფნა, ეს მისი არჩევანია. მისი პარლამენტში შესვლა ვერ გაზრდის პარლამენტის ლეგიტიმაციის ხარისხს. ძირითადი ოპოზიცია და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე და ველოდებით მეხუთე რაუნდს, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მოიტანოს პასუხი იმ წინადადებებზე, რომელიც ჩვენ დავაყენეთ. შესაბამისად, ჩვენ ვრჩებით საერთო ოპოზიციური შეთანხმების ერთგული“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, დღეს ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ. ისინი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.











