200-300 ლარზე არ უნდა იხარჯებოდეს ახალგაზრდა თაობის არა მხოლოდ დრო, არამედ პოტენციალი, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.
„ანაზღაურება, რომელზეც უწევს მუშაობა განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, საკმაოდ მძიმე გრაფიკით, თუნდაც, სავაჭრო ობიექტებში, ელემენტარული ბაზისური, ცხოვრებისეული პირობებისთვის აბსოლუტურად არადეკვატურია.
მინიმალური ხელფასი ყველა ცივილურ, განვითარებულ სახელმწიფოში არის ნორმა და გარკვეული რეგულაცია, საქართველოში კი რატომღაც, ამაზე მსჯელობაც კი პრობლემა გახდა. ჩვენ ეს თემა აუცილებლად გვექნება საარჩევო პროგრამაში. რა თქმა უნდა, ხელფასების გაზრდა ეტაპობრივად უნდა მოხდეს, მაგრამ 200-300 ლარზე არ უნდა იხარჯებოდეს ახალგაზრდა თაობის არა მხოლოდ დრო, არამედ პოტენციალი. ახალგაზრდა თაობა ამ დროს საკუთარ განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას უნდა ახმარდეს და ეს არის საკმაოდ დიდი დანაკლისი არა მხოლოდ ახალგაზრდის ოჯახისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ჯაშმა.











