საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად იზრდება – დღეს ვირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 57 შემთხვევა ახალი დაფიქსირდა.
როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ვირუსის გავრცელების მხრივ, საქართველოში არსებული მდგომარეობა სერიოზულია.
„მდგომარეობა არის სერიოზული, საპანიკო არაფერია, მაგრამ საყურადღებოა ნამდვილად არის, რადგან ქვეყანაში ვირუსის მაქსიმალური რაოდენობა დაფიქსირდა. ამ მონაცემებით ვარ მწვანე ზონაში, მაგრამ ვართ ზღვარზე, რომ გადავიდეთ ყვითელ ზონაში, ანუ 100 ათას მოსახლეზე ჩვენ გვაქვს 9 შემთხვევა. 10-ის ზემოთ ითვლება უკვე ყვითელ ზონად, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს მონაცემები საყურადღებოა.
უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებსაც გასცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და საკოორდინაციო საბჭო, რათა არ გაიზარდოს მონაცემები და არ გახდეს საჭირო უფრო მკაცრი რეგულაციების განხორციელება.
კარანტინის გამოცხადება დამოკიდებულია საზოგადოების ქცევაზე და რეკომენდაციების შესრულებაზე“,- განაცხადა ხუნდაძემ.
დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 57 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 1830-ს შეადგენს, აქედან გამოჯანრმთელებულია 1334 ადამიანი.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











