შეიქმნა პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი და ჩვენი დასავლელი მეგობრების სამკვირიანი მუშაობის შედეგად, როგორც ჩანს, ოპოზიციასთან შედგა შეთანხმება და მისასალმებელია, რომ დოკუმენტზე მათი ხელმოწერაც დაფიქსირდება, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის შვეიცარიის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მხარდაჭერით, შეიქმნა პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი. ქცევის კოდექსი ეხება ფეიკნიუსების გავრცელების პრევენციას, გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარების გარანტიებს და სხვა მნიშვნელოვან თემებს.
ჩვენ ამ დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულები ვიყავით. გვქონდა რამდენიმე შენიშვნაც, რომლებიც დიდწილად გაითვალისწინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. შენიშვნები შეეხებოდა პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ცილისწამებაზე და დანაშაულის დაბრალებაზე, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე უარის თქმას და მასზე რეაგირებას. ასევე, ამომრჩევლის კონტროლის, მათი აგიტაციის მიზნით საარჩევნო უბანთან შეყოვნებას და შემოხაზული ბიულეტენის ფოტოგადაღების ან ხმის მიცემის კაბინიდან კონვერტში განთავსების გარეშე გამოტანის გამორიცხვას,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.










