„მძიმე შეზღუდვების პერიოდი დასრულდა და ჩვენ გადავდივართ ადაპტაციის პერიოდზე. ჩვენი პრევენციული ზომების წყალობით, ჩვენ მოვიგეთ დრო“,- ამის შესახებ ეკონომიკის მინსიტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, ქვეყანა ახლა უფრო მეტად არის შეიარაღებული იმისთვის, რომ ვირუსს გაუმკლავდეს.
„დღეის გადმოსახედიდან შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ მყისიერად მიღებულმა ეფექტურმა ღონისძიებებმა, მათ შორის: საზღვრებიდან ვირუსის იმპორტის კონტროლმა, კარანტრინების მასშტაბურმა და წარმატებულმა პროგრამამ, ანტიკრიზისულმა დახმარებამ ყველაზე დაზარალებულ სეგმენტებს, დარგებს და მოსახლეობას საშუალება მოგვცა, რომ ჩვენ გაცილებით უკეთ მომზადებული ვყოფილლიყავით პანდემიასთან შემდგომი ბრძოლისთვის და თანაცხოვრებისთვის.
ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება, რითაც მან მკაფიო მოლოდინი შექმნა და მკაფიოდ დააფიქსირა, რომ საქართველო ივლის ერთი მხრივ, ვირუსთან ეფექტური ბრძოლის გზით, მაგრამ მეორე მხრივ, პრიორიტეტი იქნება ეკონომიკური გახსნილობა და მზარდი აქტივობა. ეს ნიშნავს, რომ მძიმე შეზღუდვების პერიოდი დასრულდა და ჩვენ გადავდივართ ადაპტაციის პერიოდზე. ჩვენი პრევენციული ზომების წყალობით, ჩვენ მოვიგეთ დრო. გაცილებით უფრო მეტი ცოდნით ვართ შეიარაღებულები, გაცილებით უფრო მეტი სიმძლავრით, მეტი შესაძლებვლობა გვაქვს, რომ გავუმკლავდეთ თუნდაც ინფიცირებულთა შემთხვევების ცოტა უფრო გაზრდილ რაოდენობას, რაც ასევე იყო იმის შედეგი, რომ ჩვენ მივედით იმ დონეზე, რომ წყნარად გვემართა ინფექცია და ჩაგვეტარებინა საზაფხულო სეზონი შიდა ტურიზმისთვის”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა პარლამენტში ინტერპელაციის წესით კითხვებს პასუხობს.











