მეგი ბაქრაძის მეუღლე ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება. მანუჩარ კობახიძე პოლიციაში ადვოკატთან ვახტანგ ბარამაშვილთან ერთად მივიდა.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ უკვე გამოკითხა კლინიკა „იმედისა“ და ადგილობრივი ტელეკომპანია მეცხრე არხის თანამშრომლებიც.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.
საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 15-ში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. იმუნიზაცია ქვეყანაში ნელი ტემპებით მიმდინარეობს.











