გერმანელმა და ნორვეგიელმა მეცნიერებმა COVID-19-სა და სისხლის ჯგუფებს შორის კავშირი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.
კორონავირუსი უამრავი საიდუმლოებითაა მოცული. მაგალითად – რატომ იტანს ზოგიერთი ადამიანი კორონავირუსს ისე, რომ ამის შესახებ საერთოდ ვერ იგებს, მაშინ, როდესაც ინფიცირებულების ნაწილს ინტენსიური თერაპიის განყოფილება და სასუნთქი აპარატი სჭირდება? კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები.
გერმანელი და ნორვეგიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შუალედური შედეგების მიხედვით, ახალ კორონავირუსსა და ადამიანის სისხლის ჯგუფს შორის კავშირი არსებობს.
COVID-19 და სისხლის ჯგუფები
მეცნიერებმა იტალიიდან და ესპანეთიდან COVID-19-ით ინფიცირებული 1 610 პაციენტი გამოიკვლიეს. მათ კორონავირუსის მძიმე ფორმა ჰქონდათ. მკვლევარებმა მათი დნმ-ის მოლეკულები შეისწავლეს.
დადგინდა:
მე-2 სისხლის ჯგუფის ( ასევე უწოდებენ A ჯგუფს) მქონე პაციენტებში COVID-19-ის მძიმე ფორმის განვითარების ალბათობა გაცილებით მაღალია. კერძოდ, 1-ლი სისხლის ჯგუფის მქონე პაციენტებთან შედარებით ეს მაჩვენებელი ორჯერ მაღალია.
თუ კვლევის შუალედური შედეგები დადასტურდა, ამას SARS-CoV-2-ით გამოწვეული პნევმონიის მკურნალობის მეთოდის გამომუშავებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება.
შედგების დადასტურების შემთხვევაში, პანდემიის დროს, შესაძლოა, ე.წ. „რისკ-ჯგუფის“ კონცეფციაც შეიცვალოს. ამ დროისთვის რისკ-ჯგუფში შედიან ასაკოვანი ადამიანები, ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და ა.შ.
ცნობისთვის, კავშირი ადამიანის სისხლის ჯგუფსა და დაავადების მიმდინარეობის შორის სხვა ავადმყოფობების შემთხვევაშიც არსებობს.
მაგალითად, პირველი ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტებს მალარიის მძიმე ფორმები იშვიათად აღენიშნებათ.











