ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს პეტრე ცაავას უკავშირებს.
„თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი მის გარეშე იქნებოდა? ის ხალხი მეუფე სტეფანეს არასწორად მოიხსენიებდა და თავიანთ ლიდერად პეტრეს მოიხსენიებდნენ. სამწუხაროდ, უკვე ესენი სექტას ემსგავსებიან. თუ ნახავთ კონკრეტულ პირებს, ძალიან ცოტა ადგილობრივი იყო. მიხვდებით, რომ სხვები იყვნენ ჩარეულები და არ შეიძლებოდა ის მრევლი ყოფილიყო. სახეები, რომ ნახოთ, დაასკვნით საიდან იყვნენ და ვინ. ცოტა ხანში, პარტიებმა რომ ასე აღარ გამოიყენონ ეგ ადამიანი, ალბათ ჩვენ მივიღებთ იმ ზომებს, რასაც იმსახურებს და მერე ყველანი ვნახავთ მაგის მდგომარეობას. ადრეც ვთქვი, ბოლომდე არ უნდა იხმარო და მერე არ უნდა გადააგდო. რა ზომებზეა საუბარი და რასაც იმსახურებს მიიღებს. გუშინდელი ფაქტი, შეჭრა, ასეთი რამ რუსეთის დროს ხდებოდა. ამაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს და აგებენ. ალბათ არავის უნდოდა თქვენი გადაყრა აივნიდან, მაგრამ ასეთი რამ მოხდა. ფრთხილად იყავით, გასაგებია, ჟურნალისტები ხართ და ყველაფერი გაინტერესებთ, მაგრამ ჯანმრთელობას გაუფრთხილდით”, – განუცხადა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, 8 მარტს დაპირისპირება მოხდა მარტვილის ეპარქიაში. შედეგად, ეპარქიის მოაჯირიდან ჟურნალისტები და ოპერატორები გადაცვივდნენ.
დაშავდა ასევე „ტვ პირველის“ ოპერატორი ალეკო ხაზალია, ჟურნალისტი პაპუნა შუშანია და „რუსთავი 2“-ის ის ოპერატორი დათო კონჯარია.
ეპარქიაში ის დიაკვნები და მრევლი შეიკრიბა, რომლებსაც მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა. ისინი მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ.
ეპარქიასთან შეკრებილმა სასულიერო პირებმა და მრევლმა მეუფე სტეფანეს გაშვება და მეუფე პეტრე ცაავას დაბრუნება მოითხოვეს.
ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ბრძანება #2 გამოსცა, სადაც ახსნილია დეტალურად, თუ რატომ შეუჩერდათ ეპარქიაში მოღვაწე დიაკვნებს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება.











