თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა.
ადვოკატის განმარტებით, სასამართლოს განჩინებით უნდა მომხდარიყო მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან მიმოწერისა და ფოტოების შესწავლა, თუმცა მის ტელეფონში არსებული ფოტოებისა და სატელეფონო ზარების კლონირება განხორციელდა.
„გუშინ ზუსტად ვანახე ფურცხვანიძესთან მიმოწერები და ექვსივე სურათი, ზარები როდის განხორციელდა, სქრინებიც გააკეთეს. წამოვედით, რომ სპეციალისტს ენახა, უნდა მომხდარიყო კლონირება. მეგონა, მოხდებოდა იმ ექვსი ფოტოს კლონირება, მოხდა აბსოლუტურად ყველაფრის კლონირება მთელი ღამის განმავლობაში – სხვადასხვა პიროვნებებთან ზარების გადმოწერა. შეიძლება იყოს ჩემი ოჯახის წევრების, ჩემი კლიენტების, ჩემი ფოტოსურათების, არ ვიცი, რისი კლონირება გააკეთეს. თურმე ახლა უნდა დავჯდე და ამ რამდენიმე ათას სურათში ვეძებო და იმათმაც უნდა უყურონ ჩემს პირად სივრცეში არსებულ სურათებს, უნდა ავარჩიო ის ექვსი ფოტო და მეორე – უნდა ვუსმინო ამ 70 აუდიო ჩანაწერს. შემდეგ თუ არის საქმისთვის მნიშვნელოვანი, უნდა ვასმენინო და რომელიც მოეწონებათ, ის უნდა გადმოიწერონ, იმათთან ერთად დავჯდე, ვუსმინო, ჩემს პირად სივრცეში ვასმენინო პირადი?
როდესაც მობილური მივეცი, ჩაიწერეს დავით ფურცხვანიძეზე და ვოთსაპიდან ამოვიდა მთელი ინფორმაცია. ექვსი სურათის მეტი რომ არ ჩანს არსად, რა საჭიროებას წარმოდგენს, სხვა პირმა შენთან ერთად უყუროს მთელ სურათებს. ექსპერტიზა უნდა ჩაეტარებინათ და არა სპეციალისტი დაასწრონ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი. პროკურატურაში ამბობენ, რომ ამ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა კი განაცხადა, რომ სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მას დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა.











