აშშ-ის საელჩო საქართველოში „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიების ჩატარებას ეხმაურება. როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, აშშ მხარს უჭერს ყველა ქართველის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტქი+ საზოგადოებას.
„შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხარდაჭერას, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებების დასაცავად.
საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით ყველა მოქალაქეს გარანტირებული აქვს თანასწორობისა და ღირსების უფლება, და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება.
ელჩი დეგნანი რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ლიდერს შეხვდა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების განვითარებაში მათი საქმიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა გამოეხატა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტქი+ საზოგადოებას, გამოიყენონ თავიანთი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არაძალადობრივი გზით“,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ბოლო დღეა. ღონისძიების პარალელურად საპატრიარქოს წარმომადგენლები და რადიკალური ჯგუფები აქციის ჩატარებას აპირებენ.











