თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გაიმართა.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა, ლევან ქუთათელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ ჩოლოიანის მხრიდან ლუკა სირაძეზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ჰქონდა ადგილი.
„დღეს, სასამართლოს წინაშე ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე დაიკითხა, რომელმაც ცალსახად დაადასტურა, რომ ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა 2019 წლის 10 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების ფაქტს. კონკრეტულ დეტალებს ვერ მოგახსენებთ. მოწმემ დაადასტურა, რომ ლუკა სირაძის მიმართ ფსიქოლოგიური ზემოქმედება ჩვენების მიცემის იძულების კუთხით განხორციელდა, რათა „მწვანე სკოლის“ მოხატვასთან დაკავშირებით მას მამხილებელი ჩვენება მიეცა,“ – განაცხადა ლევან ქუთათელაძემ.
ცნობისთვის, მარიანა ჩოლოიანს ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულებას ედავებიან. ის ბრალს არ აღიარებს.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.











