“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნა ახალი, რეფორმირებული და უფრო ძლიერი სისტემის თანახმად უნდა მოხდეს, რომელიც დაინტერესებული მხარეების და პოლიტიკური პარტიების ინკლუზიური დებატების შედეგად შეიქმნება, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კენი დეგნანმა 26 მაისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაგეგმილ კონფერენციასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც 4 მოსამართლე და 5 არამოსამართლე წევრი უნდა აირჩიონ.
„მოვუწოდებთ საბჭოს, გადადოს შეხვედრა და მჯერა, რომ მისი გადადება შესაძლებელია ივლისამდე იმისთვის, რომ რეფორმები, რომლის მიზანი უფრო თავისუფალი სასამართლოს სისტემის შექმნაა, ინკლუზიური ფორმით წარმატებულად გაგრძელდეს. იმედი მაქვს, საბჭო ამას გაითვალისწინებს და მოსამართლეების შერჩევის პროცესს გადადებს.
ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხია მრავალი წლის განმავლობაში და ასევე 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია. შეერთებული შტატები დიდი ხანია საქართველოსთან მუშაობს და ეხმარება მას სასამართლო სისტემის გაძლიერებაში, იმაში, რომ ის უფრო დამოუკიდებელი გახდეს. საქართველოში არის ბევრი კარგი პროკურორი, მოსამართლე, რომლებსაც სურთ, კანონი გამოიყენონ პოლიტიკური ჩარევის გარეშე და ეთიკური სტანდარტების დაცვით“, – აღნიშნა ელჩმა.











