„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არალეგიტიმურია.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საკუთარი არაფორმალური პოლიტიკის განხორციელებას კვლავ აგრძელებს.
„ერთპარტიული პარლამენტის არსებობა, პარლამენტის, რომელიც გაყალბებული არჩევნების შედეგად შეიქმნა, პარლამენტის, რომლის ლეგიტიმურობასაც არ ცნობს ოპოზიცია და არცერთი ოპოზიციური ძალა არ აღიარებს ამ შედეგებს, ასეთი პარლამენტისაგან მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის რა თქმა უნდა, მთავრობის დამტკიცება, ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სერიოზულ კრიზისს აჩენს. სწორედ ამიტომაა, რომ ახალი არჩევნები გვსურს, რომ ეს პრობლემები ჩამოვიშოროთ, ლეგიტიმურობის კრიზისი აღარ იყოს და ქვეყანამ ნორმალური ფუნქციონირება გააგრძელოს. ამიტომ, ეს მთავრობა ვერანაირ კრიზისს ვერ დაძლევს და ვერანაირ პრობლემას ვერ მოაგვარებს, მარტო იმიტომ კი არა, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ იქნება მანდატი მიცემული, არამედ გამოჩნდა, რომ არც ხედვაში, არც კონკრეტულ ადამიანებში არანაირი ცვლილება არ არის ივანიშვილის მხრიდან, ის იგივე პოლიტიკას გააგრძელებს იგივე ადამიანების მეშვეობით“, – განაცხადა კაპანაძემ.
სერგი კაპანაძის კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.











