საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე.
ამის შესახებ განცხადება პროკურორმა დავით გუმბერიძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა.
„ვინაიდან, ადვოკატების მოწმის სახით გამოკითხვა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე წარმოებული გამოძიების პროცესში გამოიწვევდა მოცემულ საქმეზე შემდგომში საადვოკატო საქმიანობისგან მათ ჩამოცილებას, საქართველოს პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და მოცემული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე.
მოცემულ საქმეზე გამოძიების მიერ ჩატარდა არაერთი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება. ამოღებულ იქნა როგორც დაკავებულის, ისე მისი შვილის კომპიუტერული ტექნიკა და მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე განხორციელდა აღნიშნული ტექნიკიდან ინფორმაციის გამოთხოვა. ამავე საქმეზე განხორციელდა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან მასსა და დაკავებულს შორის კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაციის და ე.წ. სატელიტური ფოტოების მოპოვება, ასევე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით გამოიკითხნენ თავად დ.ფ., მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი.
ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ხელმძღვანელობს მის მიერ დაფუძნებულ არაკომერციულ იურიდიულ პირს -„უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრი“. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შედეგად, დ.ფ.-სთვის ცნობილი გახდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და მისი ადვოკატების ვერსიის თაობაზე, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა თითქოსდა 2020 წლის 18-22 ივლისს არ იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც ნანახი იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი. ასევე დაკავებულისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ საქართველოს პროკურატურა ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს სატელიტური ფოტოების მოძიების მიზნით“, – განაცხადა პროკურორმა.











