„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გიორგი რურუას გათავისუფლებამდე, მათი პარტია, „დიდი მწუხარების მიუხედავად“, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში ვერ ჩაერთვება.
„ყველა მხარემ მშვენივრად იცის, რა არის მათი ვალდებულება. როგორც კი ხელისუფლება ბოლომდე შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს, სიამოვნებით, სიხარულით მივიღებთ მონაწილეობას. მათი აღებული ვალდებულება, კერძოდ რურუას გათავისუფლების საკითხი, არ არის გადაწყვეტილი და შესრულებული. შესაბამისად, დიდი მწუხარების მიუხედავად, ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ვერ გადავხედავთ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ პოზიცია დაფიქსირებულია, შეთანხმებულია, კოლექტიური გადაწყვეტილება მიღებულია. თუ რამე შეიცვალა, გაიგებთ.
ყველამ ვიშრომეთ, ჩვენც, ხელისუფლებამაც, ფასილიტატორებმაც და შევასრულოთ ბოლომდე ეს ხელშეკრულება, სადაც ჩაწერილია შავით თეთრზე, რომ მაღალი პოლიტიკური და სოციალური ინტერესის საქმეები უნდა გადაწყდეს და მართლმსაჯულება და სამართალდამცავი ორგანოები არასდროს არ უნდა გამოიყენებოდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ცნობისთვის, საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ “ევროპული საქართველოს” წევრი დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ პროცესში კი მონაწილეობას არ მიიღებენ იქამდე, ვიდრე “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.











