„ნამოხვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
როგორც ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
„ჩვენ, რადგან გვაქვს სცენა მოწყობილი რესპუბლიკის მოედანზე და კარვები გვაქვს გაშლილი, ბუნებრივია, იმ ტერიტორიას ვერ დავტოვებთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიძრათ რესპუბლიკის მოედნისკენ და იქ, რუსთაველის ქუჩა გადაიკეტება დღეს ჩვენგან და არ გაიხსნება. ახლოს ვიქნებით ძირითად ლოკაციასთან, სადაც დავიწყეთ ეს პროცესი, გადაიკეტება იქ ყველაფერი, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება,“ – განაცხადა გოლეთიანმა.
მათი მოთხოვნები კვლავ უცვლელია:
- შეჩერდეს ნამოხვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
„რიონის მცველების” თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს.










