„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლების პროდუქტებით მოსყიდვასა და არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.
„კარტოფილი, ხახვი – როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ ამ მეთოდებით აგრძელებს კვლავ, ქართველი ამომრჩევლის მოსყიდვას. ამის ვიდეო დამადასტურებელი მტკიცებულებები გვაქვს. ჩვენმა წარმომადგენელმა 84-ე უბანზე ეს ფაქტი დააფიქსირა.
მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი გაჭირვებულია, ქართულ საზოგადოებას და ქართველ ამომრჩეველს არ დაუკარგავს თავმოყვარეობა და რასაც თქვენ აკეთებთ ახლა, ეს არის ქართველი ხალხის და ჩვენი ამომრჩევლის შეურაცხყოფა.
საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ამ სამარცხვინო ფაქტის წინააღმდეგ, რასაც ხელისუფლება კადრულობს, პასუხი მკვეთრია, მოდით მეგობრებო არჩევნებზე და მხარი დაუჭირეთ ცვლილებებს“- განცხადა ენმ-ის წევრმა მირდატ ქამადაძემ.
ენმ-ს წევრის თქმით, დარღვევები ასევე დაფიქსირდა გადასატანი ყუთის სპეციალურ სიებთან დაკავშირებითაც.
„სპეცსიებში მითითებული ადამიანები საარჩევნო უბნებზე აღმოჩნდნენ და ხმის მიცემას ცდილობდნენ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ კოვიდის გამოყენებას არჩევნების გასაყალბებლად იყენებს.
მოვუწოდებ ხელისუფლებას, ხელი აიღოს მსგავსი ქმედებებისგან. ასევე, მოვუწოდებ ადგილობრივ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ ამ ფაქტით“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











