უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევას აფასებს და აღნიშნავს, რომ ჯობს ოპოიზიციურმა პარტიებმა პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ.
„ნამდვილად ჯობია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის მუშაობაში და უკვე ვილაპარაკოთ კონკრეტულ თემებზე, რომელიც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. აქ მივიღებთ კრიტიკასაც, ვიქნებით დებატებშიც და გაკეთებულ საქმეებზე საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწოდებთ.
სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს ვხედავთ, რომლებიც დღესაც ვირუსის მხარეს დგანან და ცდილობენ, ვირუსისგან მიყენებული ზიანი თავის ბენეფიტად ჩაითვალონ. გვპირდებიან „ცხელ“ გაზაფხულს, რევოლუციური სცენარის განვითარებას, რაც, ერთი მხრივ, სახელმწიფოსთვისაა დამაზიანებელი და მეორე მხრივ პერსპექტივა არ აქვს”,- განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ ოპოზიციური პარტიების რეიტინგებზეც ისაუბრა.
„დღეს ცოტა გასაკვირიც კი იყო NDI-ის გამოკითხვის შედეგები იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, წლების განმავლობაში მიზეზები სერიოზული ცდომილების, რომელიც გამოწვეული იყო იმ ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობის შედეგით, რომელსაც ეყრდნობოდა NDI და რომელთა დიდი ნაწილი აფილირებული იყო კონკრეტულ ორგანიზაციებთან. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ფარგლებშიც ვერ ჩაჯდა ისეთი შედეგები, რომელიც „ნაცმოძრაობას” აწყობდა. ისტორიულ მინიმუმზეა „ნაცმოძრაობის” რეიტინგი, რაც „ქართული ოცნების” რეიტინგთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებია და გამოკითხულ იმ რესპოდენტთა 68%, ვინც სართოდ აფიქსირებს კონკრეტული პარტიის მხარდაჭერას, მხარს „ქართულ ოცნებას” უჭერს. ასევე ფაქტია, ეს არ არის ჩვენი მოსაზრება, NDI-ც ამბობს თავისი შედეგებით, რომ საქართველოს მოსახლეობის 2/3 მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, რომ პარლამენტში შემოვიდნენ”,- განაცხადა მდინარაძემ











