უმრავლესობის ლიდერის დღევანდელი გზავნილები სახელმწიფოებრივად სახიფათო იყო, ადამიანურად კი სამწუხარო, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის ლიდერის მიერ დღეს წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ განაცხადა.
„როდესაც ასეთი ძალადობრივი და დამაშანტაჟებელი ტონით ესაუბრება უმრავლესობის ლიდერი დღისით, მზისით მთელი ქვეყნიერების გასაგონად ოპოზიციის ლიდერებს, ამის შემდეგ ვინმეს შეიძლება ეჭვი დარჩეს იმასთან მიმართებით, დახურულ კარს მიღმა როგორ დაელაპარაკება ეს პარტია საჯარო მოხელეებს, აიპების თანამშრომლებსა და სხვადასხვა სახელმწიფო თუ არა სახელმწიფო ინსტიტუციებში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებზეც ზეგავლენის ბერკეტები მათ აქვთ, რომ მათგან მიიღონ საარჩევნო მხარდაჭერა? შეიძლება ვინმეს კიდევ დარჩეს კითხვის ნიშანი, სადაც მედია არ არის და სადაც კონტროლი არ არის, იქ რა ტონით და რა მიმართებით აქვთ მათ ურთიერთობა? ანუ ახლა ელაპარაკება ოპოზიციის ლიდერებს და მათდამი დაქვემდებარებულ პირებს როგორ აიძულებენ საარჩევნო პროცესებში ჩართვას, რაზეც ჩვენ ამდენი ხანია ვსაუბრობთ, ამაზე კითხვაც აღარ ჩნდება, იქ რას იზამენ, რომ თავის საწადელს მიაღწიონ. მე პირადად აღარანაირი კითხვა აღარ მრჩება, თვითონ ხსნის ყველა ფრჩხილს და აჩვენებს ძალადობრივ მუქარასა და შანტაჟზე დაფუძნებულ ბუნებას „ქართული ოცნების“,“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება – შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი პარლამენტში ინიციატივის წესითაა შესული.











