„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ ოპოზიცია ნიკა მელიას მიტოვებას არ აპირებს.
როგორც ბარამიძე ამბობს, პოლიციამ ნიკა მელია ნებისმიერ დროს შეიძლება დააკავოს.
„მელა ვერ შეწვდა ყურძენსა მკვახე არისო – ეს ვარიანტი იყო ამ მომენტამდე. თუ დაინახავენ რომ აქ სუსტად ვართ და თუ დაინახავენ რომ ადვილად შეუძლიათ დააკავონ, როგორც გადადეს, ისე გადმოდებენ და დააკავებენ, თუ მიეცათ ამის საშუალება. ამიტომ ყოველთვის ვიქნებით მზად, ნიკა მელიას არ მივატოვებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ბარამიძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა.
ნიკა მელია უკვე რამდენიმე დღეა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება. მისი მხარდამჭრები ამბობენ, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემენ.
18 თებერვალს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, მელიას საქმის გამო თანამდებობიდან გადადგა. როგორც გახარიამ განმარტა, მისთვის მიუღებელია, რომ ერთი ადამიანის გამო სხვა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.
გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.









