ოპოზიციის მხრიდან „პატრიოტთა ალიანსის„ არჩევნებიდან მოხსნის მოთხოვნასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიცია „რუსთავი 2“-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ანრი ოხანაშვილმა დააფიქსირა.
„ქართული ოცნების პოზიცია საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია. ჩვენ ვართ თანმიმდევრულები და ვატარებთ თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომლის ამოცანაა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და, ამასთანავე, ჩვენი სრული ინტეგრაცია ნატოში. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამას ხედავს. რაც შეეხება კონკრეტულ ჯგუფებთან თანამშრომლობას. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არანაირი თანამშრომლობა „ქართული ოცნების“ მხრიდან არ განიხილება ისეთ ჯგუფებთან, რომლებიც პირდაპირ თანამშრომლობენ ან გამოხატავენ სიმპათიას ისეთი მტრული სახელმწიფოს მიმართ, როგორიც რუსეთია. ასევე ისეთ ჯგუფებთან, რომლებიც, შენიღბული ფორმით, რუსული ინტერესების გამტარებლები არიან. „ქართული ოცნება“ ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ განსაკუთრებულ შესწავლას უნდა დაქვემდებარებოდა ყოველთვის ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის ფინანსური ინტერესები და ფინანსების წარმომავლობა, რომელიც განსაკუთრებით აქტიურდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში. შესაბამისად, ეს საკითხიც უნდა იყოს შესწავლის საგანი. სახელმწიფომ და შესაბამისმა უწყებებმა ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ კითხვები არ დარჩეს რაიმე ტიპის შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ფორმით, ოფიციალურად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით იქნება დადასტურებული, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება კონკრეტული უწყების მხრიდან. ეს იყო და არის ჩვენთვის წითელი ხაზი. ამიტომ ვამბობდით, რომ ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობის იდეასაც კი, რომლებიც არიან გარკვეული სიმპათიებით და ინტერესებით განწყობილი რუსეთის მიმართ. საზოგადოებისთვის საინტერესოა ისიც, რომ სულ ცოტახნის წინ გიგი უგულავა – ე. წ. პროდასავლური ჯგუფის წარმომადგენელი – ამბობდა, რომ ის ყველა შემთხვევაში განიხილავს პრორუსულ პარტიებთან თანამშრომლობას. მათ უნდა აუხსნან საზოგადოებას, ვინ არის პროდასავლური ჯგუფი. უგულავა ამბობდა, რომ „პატრიოტთა ალიანსთან“ ითანამშრომლებენ. საზოგადოებისთვის საინტერესოა, ქალბატონი ხოშტარიას პარტიის წარმომადგენელს რა პოზიცია აქვს „პატრიოტთა ალიანსთან“ თანამშრომლობაზე დღეს. ისინი ხომ ხაზგასმით აცხადებდნენ, რომ ითანამშრომლებდნენ ასეთ ჯგუფებთან. ეს ადამიანები ასევე ამბობდნენ, რომ ოქრუაშვილი არ „პრავდება“, თუმცა გვახსოვს უგულავას მხილება, რომ ოქრუაშვილი შეეკრა რუსეთს და ცხოვრობდა „ფეესბეს პოდმოსკოვსკი“ დაჩაზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.









