პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე წინასაარჩევნოდ ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს. როგორც მან „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ოპოზიცია პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანით არი დაინტერესებული. მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში ტრადიციად იქცა.
„ასეთი დაპირისპირება უკვე თანმდევი გახდა ქართული არჩევნებისთვის. საქმე გვაქვს ინტერეს ჯგუფების დაპირისპირებასთან, დაპირისპირების ასეთი განცდა არ არის მოსახლეობაში. საფრთხე იმისა, რომ ეს დაპირისპირება უფრო მასშტაბური გახდეს და საზოგადოებრივ დაპირისპირებაში გადავიდეს, ჩემი აზრით, ნაკლებად მოსალოდნელია.
სხვა მხრივ, პოლიტიკური ჯგუფები დაპირისპირებას იყენებენ პიარისთვის, რაც სამწუხაროა. ერთ-ერთი სცენარით ოპოზიცია ცდილობს ნელ-ნელა აწიოს ტემპერატურა, თუ უცხოელი დამკვირვებლები არჩევნების შეფასებაში ნეიტრალურ შეფასებას დაიჭერენ, პროცესებში ქუჩა ჩართოს და დაახლოებით მიიღოს ისეთი სცენარი, როგორიც მინსკში ვითარდება. საქართველოში კი მოსახლეობა ასეთი დაპირისპირებისთვის მზად ნამდვილად არ არის“,- განაცხადა ძაბირაძემ.
ინფორმაციისთვის, გუშინ მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
შსს-მ მარნეულში, ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.











