“ქართული ოცნების“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებულ კანონპროექტს, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობების გაფუჭების წინაპირობად არ აღიქვამს.
როგორც მაჭარაშვილმა „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტს საკუთარი ინტერესების შესაბამისად იყენებს.
„ერთი მხრივ, ეს არის იმის დასტური, რომ იზრდება ამერიკის ინტერესი საქართველოს მიმართ. თუმცა, თუ არის გარკვეული ტიპის რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხარე ყოველთვის სწავლობს შეერთებული შტატების წარმომადგენლობასთან ერთად, მათ შორის, კონგრესში წარმომადგენლობასთან ერთად.
ეს კანონპროექტი ჩვენ არ უნდა განვიხილოთ ისე, რომ ნეგატიურ კონტექსტში გადავიტანოთ ურთიერთობები საქართველო-ამერიკას შორის. ერთის მხრივ, სამწუხაროა და მეორე მხრივ, დასაფიქრებელი, რომ ძალიან დიდი სიხარულით ამბობს ოპოზიცია ისეთ რამეს, რაც არ არსებობს. ჯერ ერთი, ნებისმიერ განცხადებას ისე თარგმნიან, როგორც უნდათ და რაც ყველაზე ცუდია, ამას დიდი სიხარულით აუწყებენ ხოლმე ქართულ საზოგადოებას.
ეს ნიშნავს, რომ არაფერი რესურსი ამ ხალხს არ დარჩენია, გარდა იმისა, რონ ნეგატივი ეძებონ და „ქართულ ოცნებას“ დააბრალონ“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.
ინფორმაციისთვის, კანონპროექტი, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე









