“მანდატების გაუქმებაზე მაინც მგონია, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს. საღი აზრი არის, რომ ათეულობით ადამიანმა დაწერა განცხადება მანდატების გაუქმებაზე და ეს უნდა დაუკმაყოფილო. ძალით დატოვო ადამიანები სამსახურში, არის სიგიჟე. ვერ წარმომიდგენია, რომ მაგ სისულელეზე შეიძლება, წავიდნენ”, – ამის შესახებ “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმება მოლაპარაკებების დასასრული არ არის.
,,მანდატების გაუქმება მოლაპარაკებების დასასრული რატომ არის, ეს ჩემთვის გაუგებარია. მოლაპარაკებები ჩემთვის არ ყოფილა არასდროს შესვლა-არშესვლაზე მოლაპარაკებები. გასაგებია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ეს მნიშვნელოვანი ამბავია, მაგრამ ჩემთვის არ ყოფილა ყველაზე მნიშვნელოვანი.
ეს იყო ერთ-ერთი თემა განხილვის. პოლიტიკური კრიზისი არის განსამუხტი და ეს მაინცდამაინც შესვლა- არშესვლასთან არ არის დაკავშირებული. თვითონ განცხადებას რაც შეეხება, ზოგადად ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვინმემ დამტოვოს სადღაც რამე სამსახურში, გინდ პარლამენტი იყოს ან ნებისმიერი სხვა. როგორ შეიძლება, არ მინდოდეს და მაიძულებდნენ, იყავიო. საწყენია, რომ პარტია, რომელიც ადამიანის თავისუფლებას აყენებს ყველაზე მაღლა და ამ პრინციპზე დგას, თხოვნით მიმართავს მდინარაძეს და თალაკვაძეს, ამ ხალხის მიერ დადასტურებული ნება, ვინც განცხადება დაწერეს, ჩემი ჩათვლით, არ დაუკმაყოფილოო. გინდა თუ არა, მათი ნების საწინააღმდეგოდ დატოვეთ პარლამენტშიო. საწყენია ეს, მეტი არაფერი. შესვლასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა და შეუძლებელია შეცვლილიყო. ერთადერთი ახალი მოცემულობა არის, რომ ორი პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს, მაგრამ ამით არ შესრულებულა ყველა პირობა, რომელიც იყო მოლაპარაკებების მაგიდაზე”, – აცხადებს ზურა ჯაფარიძე.











