ორი ოთახის გასარემონტებლად, თელავის მუნიციპალიტეტის მერია, 22.696 ლარის დახარჯვას აპირებს. შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა და წინადადებების მიღება დაწყებულია.
სატენდერო პირობების თანახმად, პრეტენდენტს, არანაკლებ 45 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების გამოცდილება უნდა ჰქონდეს.
ოთახები, რომლის გარემონტებასაც მერია გეგმავს, შენობის პირველ სართულზეა განთავსებული და მათი ფუნქცია ჯერჯერობით გარკვეული არ არის.
მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის, დავით ქსოვრელიშვილის განმარტებით, რემონტის შემდეგ გადაწყდება, რა განთავსდება გარემონტებულ ფართობზე.
„ჯერჯერობით არ ვიცით, რა ფუნქციას შეასრულებს ეს ოთახები, რემონტის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამდენი ხარჯი იმიტომ სჭირდება, რომ პირველ სართულზე განთავსებული იყო სასადილო, ამის გამო ოთახებში, ნესტი და უსიამოვნო სუნია შემორჩენილი, ბევრ რამეს სხვაგვარი რეაბილიტაცია სჭირდება”- განაცხადა ქსოვრელიშვილმა.
რემონტისათვის გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება, 2 ივნისს დასრულდება.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











