საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად წარადგინოს. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, „ქართულ ოცნებაში“ პრემიერის პირველ ნომრად წარდგენას საკმაოდ ბევრი პოლიტიკოსი უჭერს მხარს. ამის შესახებ სააგენტოსთან კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა.
„ვიცი, რომ „ოცნებაში“ ბევრი ადამიანი უჭერს მხარს, რომ გიორგი გახარია მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი გახდეს. ჩემი ვარაუდობთ, გახარია სიის პირველი ნომერი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციასა და საზოგადეობის ერთ ნაწილს გახარიას მიმართ აგრესია აქვს, მისი პირველ ნომრად წარდგენა „ქართული ოცნებისთვის“ მომგებიანი იქნება.
ბოლო თვეების განმავლობაში გახარია საზოგადოების დიდი ნაწილისთვის წარმატებული მენეჯერია. მან კონკრეტულ გამოწვევას თავი კარგად გაართვა და ქვეყანაში შექმნა ის ვითარება, რომელიც ჩვენს მეზობლებში არსებული ვითარებისგან მკვეთრად განსხვავდება“,- განაცხადა არეშიძემ.
რაც შეეხება კითხვას, განიხილება თუ არა „ქართულ ოცნებაში“ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენა, არეშიძე აცხადებს, რომ კანდიდატებთან დაკავშირებით, მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„ვინ, სად უნდა იყაროს კენჭი, „ქართულ ოცნებაში“ გადაწვეტილება მიღებული არ არის. სხვადასხვა ვარიანტი განიხილება. თუ წულუკიანმა პარლამენტში მოხვედრა მოინდომა, ის პარლამენტში მოხვდება, რადგან მას “მყარი” ბიოგრაფია აქვს“,- განაცხადა არეშიძემ.
ინფორმაციას, რომ გიორგი გახარია საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება, „ქართულ ოცნებაში“ ჯერ არ ადასტურებენ, თუმცა ღიად აცხადებენ, რომ “გახარია სიის პირველ ნომრად ყოფნას იმსახურებს”.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











