საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. პროექტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა და მის წინააღმდეგ ხმა არც ერთს არ მიუცია.
კანონის პროექტით ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად (20 წლით).
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა (დაზუსტებულია ჯარიმასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებები).
ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ასევე აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. ამნისტია უნდა აღსრულდეს კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში. გარდა ამისა კანონში ასევე გათვალისწინებულია რიგი შესაბამისი რეგულაციებიც.
კანონმდებლებს პროექტი ინიციატივის ავტორმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა.
ამასთან, პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონის პროექტით, თუ მსჯავრდებულმა, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი და წარმატებით გაიარა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა, სასამართლო უფლებამოსილია იგი პირობით გაათავისუფლოს სასჯელის შემდგომი მოხდისგან კოდექსით გათვალისწინებული გამოსაცდელი ვადით. გარდა ამისა, მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის თხუთმეტი წელი, წარმატებით გაიარა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის მსჯავრდებულის მიერ ამ სასჯელის მოხდის გაგრძელება. პროექტი ასევე ითვალისწინებს შესაბამის გარდამავალ რეგულაციას.
პროექტისთვის კანონის ძალის მისანიჭებლად და ასამოქმედებლად, პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენითაც უნდა დაამტკიცოს. მომდევნო პლენარული სხდომა 11 იანვარს ჩაინიშნა.











