პარლამენტში მთავრობის წევრთა შემადგენლობის წარდგენამდე უმრავლესობაში კონსულტაციები გაიმართება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გიორგი კახიანი აცხადებს.
„რაც შეეხება მთავრობის დაკომპლექტების პროცესს, ჩვენ არჩევნებამდეც ვთქვით, რომ პარლამენტში უმრავლესობით წარმოდგენის შემთხვევაში ჩვენი კანდიდატურა იქნებოდა გიორგი გახარია.
დღეს უკვე მისი კანდიდატურა უმრავლესობის მერ ოფიციალურად დასახელდა. ამის შემდეგ გიორგი გახარია მთავრობის წევრთა შემადგენლობას პარლამენტს წარუდგენს ნდობის მისაღებად, თუმცა ვიდრე ამ შემადგენლობის წარდგენა მოხდება, უმრავლესობასთან კონსულტაციები იქნება. ეს ამ კვირაშივე, უახლოეს დღეებში იქნება. ვიმსჯელებთ კონკრეტულ კანდიდატურებზე, თუმცა მინისტრების დასახელების პრეროგატივა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას.
რაც შეეხება კითხვას, თუ ვინ იქნებიან კონკრეტული მინისტრები, კახიანი ამაზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.
„რაც შეეხება საკითხს, თუ ვინ იქნებიან კონკრეტული მინისტრები, ცხადია, ამაზე ვერ ვისაუბრებ, ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და ძალიან მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. პრემიერ-მინისტრის ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებს უმრავლესობის შეკრება. პრემიერობის კანდიდატს ერთკვირიანი ვადა აქვს იმისათვის, რომ მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს წარუდგინოს. თუმცა, ეს ბევრად უფრო ადრე შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა კახიანმა.











