არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, პანდემიისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და სამინისტროების შრომის ანაზღაურების მუხლები ჯამში 1,242,600 ლარით გაიზარდა.
„პრაიმტაიმნიუსმა” აღნიშნული ინფორმაცია აჭარის მთავრობის პრესსამსახურთან გადაამოწმა, როგორც საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურში გვითხრეს, კვლევაში პედაგოგები და ექიმები საჯარო მოხელეებად არიან მოხსენიებულნი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ხდება არაკვალიფიციური და სიმართლეს მოკლებული ე.წ. კვლევის ტირაჟირება. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თითქოს 2021 წლის ბიუჯეტში საჯარო მოხელეთათვის გაიზარდა ხელფასები. ბიუჯეტში 1200 000 ლარით ნამდვილად გაიზარდა სახელფასო თანხა და მიგვაჩნია, რომ უკიდურესი უპასუხისმგებლობა და ასევე სამარცხვინოა, როდესაც სტატიაში არაფერია ნათქვამი, რომ ამ თანხის დიდი ნაწილი გათვალისწინებულია პედაგოგებისა (სახელოვნებო და სასპორტო განათლების სფეროს პედაგოგები) და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმების ხელფასებისთვის.
დიახ, პედაგოგებს და საზოგადოებრივ ჯანდაცვას ნამდვილად გაეზარდათ ხელფასები და ეს არის ძალიან მნიშვნლოვანი და სასიხარულო ფაქტი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად, პანდემიის პირველი ეტაპიდან ამ წუთამდე არიან ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ე.წ. კვლევაში გამიზნულად, პედაგოგებს და ექიმებს საჯარო მოხელეებად მოიხსენებენ და ცდილობენ საზოგადოება მოატყუონ, რომ გაზრდილი სახელფასო თანხა, საჯარო მოხელეებს ეხებათ. პედაგოგები და ექიმები არ არიან საჯარო მოხელეები“, – გვითხრეს ადმინისტრაციაში.











