ლაგოდეხის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. პედაგოგის კორონა ვირუსით ინფიცირების გამო, სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმში იმუშავებს.
ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მანანა ჩიკვაიძის განმარტებით, ინფიცირებული პედაგოგი, რამდენიმე კლასს ასწავლიდა, რამაც სკოლაში ვირუსის გავრცელების საფრთხე შექმნა.
„ერთ-ერთ პედაგოგს გამოუვლინდა ვირუსი. ეს მასწავლებელი სხვადასხვა კლასს ასწავლიდა. შესაძლებელი იყო მოსწავლეებში კოვიდ-19 გავრცელებულიყო. ამის გარდა, მას კოლეგებთანაც ჰქონდა ურთიერთობა. ამიტომ, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, სკოლა ისწავლის ონლაინ- რეჟიმში“, – განაცხადა ჩიკვაიძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, საჯარო სკოლების პედაგოგებს, ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო ტესტირება უტარდებათ.
დღევანდელი მდგომარეობით, დაკეტილია და ონლაინ სწავლებაზეა გადაყვანილი გურჯაანის მუნიციპლიტეტის სოფელ კაჭრეთის სკოლაც.
კაჭრეთში კორონა ვირუსის აფეთქება, სოფელში მდებარე მრავალპროფილურ კოლეჯში დაფიქსირდა, სადაც კორონა ვირუსი ერთდროულად 12 თანამშრომელს დაუდასტურდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











