„ფაიზერის“ ვაქცინა პირველ ეტაპზე, კახეთის რეგიონში არ შემოვა,- ამის შესახებ, „პრაიმტაიმს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განუცხადა.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ფაიზერის ვაქცინის შესანახ მაცივარს, რომელიც რეგიონს ამერიკაში მცხოვრებმა თელაველმა ექიმმა გადასცა, ვაქცინაციის შემდგომი ეტაპებისთვის გამოიყენებენ.
„თქვენ უკვე გქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკაში მცხოვრებმა ექიმმა, ჩვენმა თანამოქალაქემ დავით მრელაშვილმა კახეთს საჩუქრად შეუძინა -80 გრადუსიანი მაცივარი, ფაიზერის ვაქცინისთვის. ეს მაცივარი უკვე დგას ჩვენს ლაბორატორიაში. პირველ ეტაპზე კახეთში ის არ ჩამოვა. მაცივარი განსაზღვრულია კოვიდ ვაქცინაციის შემდგომი ეტაპებისათვის,“- განაცხადა ხიზანიშვილმა.
კახეთის რეგიონში ვაქცინაციის გეგმა უკვე მუშავდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მედია ტრენინგებსაც გეგმავს.
ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, კახეთის სხვადასხვა კოვიდ-კლინიკებში მომუშავე მედ-პერსონალი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები, თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში აიცრებიან.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











