ფაქტი არის ერთი, „ნაციონალური მოძრაობა“ განიცდის მარგინალიზაციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძემ განაცხადა.
„ეს არის მათი პარტიული საკითხები. თუმცა, განმარტებები გაკეთდა, თუ რის გამო მიიღო ვაშაძემ ეს გადაწყვეტილება. ფაქტი არის ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ განიცდის მარგინალიზაციას. კატეგორიულად მიუღებელია, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენელი თუ ოპოზიციის წარმომადგენელი ის ტენდენცია, რაც იკვეთება საერთაშორისო პარტნიორების, ელჩების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები, თავდასხმები. რა თქმა უნდა, ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ამ ყველაფერს გაემიჯნება“, – განაცხადა კალაძემ.
გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გაავრცელა და ამის მიზეზები განმარტა.
ვაშაძე გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ არ შეუძლია იყოს იქ, სადაც ვერ ვხედავ შეცდომებზე სწავლის სურვილს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები და ექსპერტები.











