პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის, დიდი პატივია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის ანზორ ერქომაიშვილის სახელის მინიჭება. საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება იყო ცალსახად მართებული და დროული, – ასე აფასებს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი, გიორგი დონაძე პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას.
„ჩვენ ვალდებულნი ვართ, ანზორ ერქომაიშვილის სახელის უკვდავსაყოფად გავაგრძელოთ მის მიერ დაწყებული პროექტები და განვახორციელოთ მისი იდეები. მთელი ერის სურვილით, უდიდესი მოღვაწე, ღირსეულად დაიკრძალა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.” – განაცხადა გიორგი დონაძემ ჟურნალისტებთან.
კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიცირებით, დღეს პრემიერ – მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის ანზორ ერქომაიშვილის სახელის მინიჭების შესახებ.
ცნობილი ლოტბარი, ანსამბლ „რუსთავის“ დამაარსებელი და „ქართული ხმების შემგროვებელი“, როგორც მას ფოლკლორულ წრეებში უწოდებდნენ, 31 მარტს კორონავირუსით გარდაიცვალა.











