ფოთში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილობრივები მერის ადმინისტრაციულ შენობასთან ქალაქში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებდნენ და მერთან შეხვედრას ითხოვდნენ.
მერიიდან მათ არავინ გამოხმაურებია, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მერის საცხოვრებელ სახლთან გადაინაცვლეს, სადაც მათი განცხადებით, ფოთის მერის მეზობლები და ახლობლები დახვდნენ.
მათივე თქმით, მოხდა დაპირისპირება, რაც ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად პოლიციამ ხულიგნობის ბრალდებით სამი აქტივისტი დააკავა. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული
„დღეს თევზის სუნთან დაკავშირებით მერიასთან შევიკრიბეთ, შემდეგ მერს ვთხოვეთ მოსულიყო და პასუხი გაეცა იმ კითხვებზე რაც გვაწუხებდა, მერმა უგულებელყო ჩვენი მოთხოვნა და გვითხრა, რომ არ მოვიდოდა, შემდეგ გადავინაცვლეთ მის სახლთან და იქ ვაპირებდით პროტესტის გაგრძელებას, მაგრამ იქ დაგხვდა პოლიციელები, ასევე, ალბათ მერის სანათესაო, ახლობლები და მეზობლები. მოხდა დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ჩხუბში და დააკავეს სამი აქტივისტი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით“, – განაცხადა აქციის მონაწილე ანა ჯოჯუამ.
შეგახსენებთ, დღეს ფოთში ადგილობრივებმა ქალაქში გავრცელებულ თევზის უსიამივნო სუნი გააპროტესტეს და აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს.











